შინაარსზე გადასვლა

ნუკრი კაკილაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუგზარ კაკილაშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ნუგზარ შალვას ძე კაკილაშვილი[1]
დაბადების
თარიღი
28 მაისი, 1960 (1960-05-28) (64 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1977–1987 დინამო თბილისი 198 (21)
1988 გურია ლანჩხუთი 20 (0)
1989 დინამო ბათუმი 24 (3)
1990 შევარდენი 12 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ნუგზარ (ნუკრი) კაკილაშვილი (დ. 28 მაისი, 1960, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“, ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „შევარდენის“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის თასისა (1979) და თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს" სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ნუკრი კაკილაშვილს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[2]

ფეხბურთის თამაშს 1973 წელს, თბილისის განათლების განყოფილების ბავშვთა და მოზარდთა სპორტსკოლაში, მწვრთნელ გ. მამალაძის ხელმძღვანელობით იწყებს. თბილისის „დინამოშია“ 1977 წლიდან. 1978 წელს „დინამოს“ სათადარიგო შემადგენლობაში ქვეყნის პირველობის 18 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას და ორი გოლი გააქვს. მომდევნო სეზონში, ასევე, 18 მატჩს თამაშობს და ამჯერად, ათჯერ იღებს მეტოქეთა კარს. რაც შეეხება გუნდის ძირითად შემადგენლობას, მის რიგებში პირველად 1979 წლის 16 ივლისს საკავშირო ჩემპიონატის მე-18 ტურის კალენდარულ მატჩში ლენინგრადის „ზენიტის“ წინააღმდეგ გამოდის მოედანზე. შეხვედრას „დინამოს“ სტადიონი მასპინძლობს და მას 45 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი ესწრება. ნუკრი კაკილაშვილი მატჩის მეორე ტაიმის 76-ე წუთზე ვახტანგ ქორიძის ნაცვლად ერთვება თამაშში. დაპირისპირება ალექსანდრე ჩივაძისა და ვიტალი დარასელიას გოლების წყალობით მასპინძელთა გამარჯვებით (2–0) სრულდება. მიმდინარე სეზონის დარჩენილი 16 მატჩიდან კაკილაშვილი კიდევ 11 შეხვედრაში გამოდის გუნდის ძირითადი შემადგენლობის მაისურით და ჯამში, თავის სადებიუტო სეზონში თორმეტჯერ იცავს „დინამოელთა“ ღირსებას.[3][4]

ნუკრი კაკილაშვილმა თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 198 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 11 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 10 შეხვედრა — თასების მფლობელთა თასის, ხოლო ერთი — უეფა-ს თასის გათამაშებაში.

1992–2004 წლებში მუშაობდა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის დირექტორად.

გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981
საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1981
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1979
ევროპის თასების მფლობელთა თასი
  • თასის მფლობელი: 1981
საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1979 [5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დაჯილდოება // „ლელო“, 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
  2. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2021.
  3. „დინამო“ თბილისი 2–0 „ზენიტი“ ლენინგრადი. წაკითხვის თარიღი: 6 დეკემბერი, 2021.
  4. „დინამო“ თბილისი 2–0 „ზენიტი“ ლენინგრადი // 16 ივლისი, 1979. წაკითხვის თარიღი: 6 დეკემბერი, 2018.
  5. Финал. Сборная Москвы — Сборная Грузии 2–1 (1–0). // დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2016. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2019.